რუსული ნავთობის ფასი

ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის 60 დოლარად შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდნენ. მედიის ცნობით, ელჩებმა რამდენიმე დღე გაატარეს ინტენსიურ დებატებში იმის შესახებ, თუ რამდენად მაღალი ან დაბალი უნდა იყოს ფასის ლიმიტი.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მკაცრი პოზიცია დააყენეს, რომ ბარელის ფასი 30 დოლარი უნდა ყოფილიყო. საბერძნეთმა, კვიპროსმა და მალტამ, რომელთა შიდა გადაზიდვების ინდუსტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსული ნავთობის საერთაშორისო ტრანსპორტირებაში, 70-დოლარიანი ზღვარი მოითხოვეს. მედიის ცნობით, შეთანხმება მას შემდეგ შედგა, რაც პოლონეთმა შუალედურ ზღვარს მხარი დაუჭირა. მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება „დიდი შვიდიანის“ წევრმა ქვეყნებმა მიიღეს.