პრორუსმა სეპარატისტებმა ორ ბრიტანელსა და ერთ მაროკოელს სიკვდილი მიუსაჯეს

დონეცკში პრორუსმა სეპარატისტებმა ორ ბრიტანელ და ერთ მაროკოელ სამხედროს სიკვდილი მიუსაჯეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. საუბარია დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებზე – ეიდენ ასლინსა და შონ პინერზე, ასევე მაროკოელ საუდუნ ბრაჰიმზე, რომლებიც პრორუსმა სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში დააკავეს. გამოცემის ცნობით, მათ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წესრიგის დამხობაში“ დასდეს ბრალი.

„გარდიანის“ ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ ისინი ომში უკრაინის არმიის საზღვაო ქვეითებად მონაწილეობდნენ, თუმცა მათ ბრალი წაუყენეს, როგორც „დაქირავებულ მებრძოლებს“. აღსანიშნავია, რომ სამივე უცხოელი სამხედრო უკრაინულ ჯარში ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, კონტრაქტით მსახურობდა. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეებისთვის გამოტანილი განაჩენი დაგმო.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ბრიტანელები ახლა ომის ტყვეები არიან და სეპარატისტების განაჩენი უკანონოა. ბრიტანელმა დეპუტატებმა პრორუსი სეპარატისტების მიერ დატყვევებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.