რუსეთმა ქალაქი ბროვარი დაბომბა - უკრაინის ხელისუფლება

უკრაინის ხელისუფლება ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთმა კიევის შემოგარენში ინფრასტრუქტურა დაბომბა, კერძოდ ბროვარის ტერიტორია. დაშავებულთა შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. განცხადებას კიევის სიახლოვეს მდებარე დასახლების მერი, იგორ სოპოჟკო აკეთებს. პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი სამიზნე კიევის სიახლოვეს მდებარე საბრძოლო მასალის ქარხანა გახდა. რუსულმა ჯარებმა დაბომბეს ხარკოვის ცენტრი, რის შედეგადაც სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. ადგილზე მაშველები მუშაობენ. სამაშველო სამსახური ასევე მუშაობს კიევის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ბოროდიანკაში, სადაც ნანგრევებიდან 41 ცხედარია ამოყვანილი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილთა ცხედრები მრავალსართულიანი სახლის ნანგრევებში გუშინ იპოვეს. გარდა ამისა, დღეს ევაკუაციის უზრუნველსაყოფად უკრაინის ხელისუფლებასა და რუს სამხედროებს შორის ცეცხლის შეწყვეტა ვერ შეთანხმდა და ამავდროულად, ოფიციალური კიევი ამ დრომდე ითხოვს ჰუმანიტარული დერეფნების შექმნას მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილი ჯარისკაცების გამოსაყვანად. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა „ტელეგრამზე“ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა.