რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომის 107-ე დღეა. ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში მიმდინარეობს. დონეცკის ოლქში გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსული არმიის მხრიდან გახსნილ ცეცხლს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ავდეევკაში და ერთი ნოვოუკრაინკაში. ხარკოვის ოლქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ჩერნიგოვის ოლქში ოკუპანტებმა 20 წუთის განმავლობაში საცხოვრებელ ზონებში 11 იერიში განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქში ოკუპანტებს 120 მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ჰყავთ აყვანილი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ ფრონტის ხაზზე ყოველდღიურად 100-200 უკრაინელი სამხედრო იღუპება, რისი მიზეზიც საარტილერიო ცეცხლში რუსეთის მნიშვნელოვანი უპირატესობაა. კიევში ამბობენ, რომ უკრაინას წინსვლისთვის ზალპური ცეცხლის 300-მდე რეაქტიული სისტემა მაინც სჭირდება.