რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომი უკრაინაში გრძელდება – საჰაერო თავდასხმის საფრთხეა ოდესისა და მიკოლაევის ოლქებში. დაიბომბა ხარკოვის დასახლებული უბნები. დაშავდა ექვსი და დაიღუპა სამი ადამიანი. დაიბომბა ასევე სუმის ოლქი, სადაც სასაზღვრო რაიონებზე ოთხჯერ მიიტანეს იერიში. ლუგანსკის გუბერნატორის ინფორმაციით, რუსული ძალები ლისიჩანსკისა და ბახმუტის დამაკავშირებელი გზის დაკავებას ცდილობენ.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, ოკუპანტებმა თითქმის სრულად დაიკავეს სევეროდონეცკის დასახლებული ნაწილი და განაგრძობენ იერიშს სლავიანსკზე, ცდილობენ უკრაინული თავდაცვის გარღვევას, ლისიჩანსკზე გასვლას კი სამხრეთიდან გეგმავენ.

მოწინააღმდეგემ პოზიციებიდან ძალების გაყვანა დაიწყო ზაპოროჟიეს ოლქში. რაც შეეხება ხერსონის ოლქს, საოკუპაციო ძალებმა ვერ შეძლეს მოწინავე პოზიციების დაბრუნება მდინარე ინჰულეცის დასავლეთით. უკრაინული დაზვერვის ცნობით, ოკუპანტებმა უკრაინულ მხარეს მარიუპოლის დამცველთა 210 ცხედარი გადასცეს. გაერო-ს მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინაში სულ მცირე 4 253 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის 272 ბავშვი, თუმცა, ორგანიზაციის განცხადებით, მონაცემები სურათს სრულად არ ასახავს.