რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 88-ე დღე

აფეთქებების ხმა გაისმა ჟიტომირისა და კიევის ოლქებში. უკრაინელი სამხედროების ცნობით, ამოქმედდა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა. ომის 88-ე დღეს ოკუპანტები არ წყვეტენ შეტევით მოქმედებებს, ქვეყნის აღმოსავლეთ საოპერაციო ზონაში. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება. მათივე ცნობით, რუსული ძალები, დასახლებულ ზონებში, კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით, ავიაციას სულ უფრო ინტენსიურად იყენებენ. გარდა ამისა, ბელარუსის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა უკრაინასთან არსებულ სასაზღვრო რაიონებში დაზვერვა გააძლიერეს. გენშტაბის ცნობით, ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინულ ობიექტებზე სარაკეტო და საავიაციო დარტყმის საფრთხე კვლავ ნარჩუნდება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში, სადაც ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, თვითგამოცხადებული მერი და მის პირადი მცველები აფეთქების შედეგად დაშავდნენ. ჯერ მომხდარის დეტალები უცნობია, თუმცა უკრაინული მხარე ვარაუდობს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებზე თავდასხმა მოხდა.