რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი აქტიურად იბომბება – ოკუპანტები შტურმს განაგრძობენ. სევეროდონეცკის დამცველთა მდგომარეობა დღითიდღე რთულდება. რუსები ქალაქების სრულად განადგურებას ცდილობენ. ინფორმაციას ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. მისივე ცნობით, ავიაიერიშების შედეგად ლუგანსკის ოლქის ბევრი ქალაქი ნადგურდება და მარიუპოლს ემსგავსება.

აფეთქებების ხმები არ წყდება უკრაინის სხვა ოლქებშიც. ღამით რუსებმა დონბასის რეგიონში 22 დასახლებული პუნქტი დაბომბეს, მათ შორის ავდეევკა, სლავიანსკი და ბელგოროვკა. დაღუპულია რვა ადამიანი და დაშავებულია ოთხი. დაზიანებულია 41 სამოქალაქო ობიექტი, მათშორის 33 საცხოვრებელი კორპუსი, საავადმყოფო, წყალმომარაგების სისტემა, საკვების ქარხანა, მანქანათმშენებელი ქარხანა და სასოფლო-სამეურნეო საწარმო. ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით საარტილერიო ბრძოლები მიმდინარეობს.