რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 81-ე დღე

უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეოთხმოცე დღეა. აგრესორი ისევ განაგრძობს უკრაინის ქალაქების დაბომბვას. დილით რუსებმა ლვოვში სამხედრო ობიექტი დაბომბეს. დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა კიევშიც. უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ქვეყნის ოთხ ოლქში – ხარკოვის, დონეცკის, ლუგანსკის და ოდესის ოლქებში. გასულ ღამეს დაიბომბა სევეროდონეცკი. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები. უკრაინული მხარის ცნობით, რუსებმა გრადების და ურაგანის ტიპის ქვემეხებით დნიპროს რაიონზე მიიტანეს იერიში. დაიბომბა სუმის რაიონიც. საბრძოლო მოქმედებები ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებში მიმდინარეობს. რუსები ხარკოვის რაიონში ძირითადად დაკავებული პოზიციების გამაგრებას ცდილობენ. დონბასის რეგიონში სევეროდონეცკის, სოლედარის და ბახმუტის დაკავებას ცდილობენ და გარკვეული წარმატებები აქვთ ავდეევკას მიმართულებით. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ქალაქ იზიუმის მიმართულებით კონტრშეტევა განახორციელეს და მტერს 10 კილომეტრით დაახევინეს უკან, ხოლო დონბასის რეგიონში რუსების 20 შეტევა მოიგერიეს. მათივე ცნობით, ბრძოლებისას 80-მდე მებრძოლი, სამი ტანკი, ორი ჯავშანტრანსპორტიორი და სამი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, დონბასში ვითარება რთული რჩება, რუსეთი შავი ზღვის პორტების დაბლოკვით ათეულობით ქვეყანას საკვებზე ფასების გაზრდისა და შიმშილის წინაშე აყენებს.