რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის ქალაქებზე რუსული საოკუპაციო ძალების თავდასხმები არ წყდება. დონბასში აგრესორის სამხედროებმა ბოლო ერთ დღეში 45 დასახლებული პუნქტი დაბომბეს. დაღუპულია შვიდი მოქალაქე, რვა ადამიანი დაშავდა. უკრაინის არმიის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა სხვადასხვა ტიპის შეიარაღების გამოყენებით გასული დღე-ღამის განმავლობაში გაანადგურა და დააზიანა 116 სამოქალაქო ობიექტი.

უკრაინის არმიის ნაწილებმა კი დონბასში რუსეთის 11 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს მოწინააღმდეგის ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და „სუ 25“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი. პარალელურად, უკრაინის საჰაერო სარდლობის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთმა საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით იერიში მიიტანა ჟიტომირის რეგიონის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე დაშავდა.

ჟიტომირის რეგიონში განხორციელებული დაბომბვის შედეგად, 150-ზე მეტი სახლი დაზიანდა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კრივოიროგის რაიონში სამი დასახლება დაბომბეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაანეიტრალეს.