რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის არმია ოდესას, კრივოი როგს, დნეპრსა და ზაპოროჟიეს რაკეტებით და დრონებით დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად ოდესაში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. დაზიანებულია გაზსადენებიც. ოდესაში 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. კრივოი როგში და დნეპრში თავდასხმის სამიზნე გახდა სამრეწველო საწარმოები. ზაპოროჟიეში დრონები საცხოვრებელ ზონებში აფეთქდა, რამაც კერძო სახლები დააზიანა. კიევის რეგიონში სულ 15 ობიექტი დაზიანდა.