რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
ბოლო 24 საათში კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა. როგორც კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, მიმდებარე ტერიტორიიდან 381 ადამიანის, მათ შორის 59 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა. სამაშველო სამუშაოები ადგილზე კვლავ გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია დაახლოებით 50 საცხოვრებელი სახლი.
აღნიშნულს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი და განაცხადა, რომ კიევის მახლობლად, სოფელ მილაში რუსეთის თავდასხმის შედეგად საწყობი დაზიანდა, რასაც შემდგომი აფეთქება მოჰყვა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აფეთქებამ მიმდებარე ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ზელენსკის განცხადებით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი დაუდევრობის მუხლით არის აღძრული.