რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინული მედია ბოლო ბრძოლების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის დამცველებმა შავ ზღვაში, კუნძულ ზმეინიზე განლაგებული რუსული ძალების პოზიციებს მიაყენეს დარტყმა, მართვის ცენტრში შეაღწიეს და მტრის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი „სტრელა 10“ გაანადგურეს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ მტრის საერთო დანაკარგი 16 სამხედრო, 12 ტანკი და 4 ერთეული საავტომობილო ტექნიკაა. მათგან ორი ჯავშანტრანსპორტიორია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მიკოლაივის ოლქის სამ დასახლებულ პუნქტზე – შიროკოეზე, ნოვოპეტროვკაზე და ლიუბინოზე კონტროლი აღადგინეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქში რუსი სამხედროები წინსვლას ცდილობდნენ, თუმცა, დიდი ზიანი განიცადეს და უკან დაიხიეს. ასევე, უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში სტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო და საგზაო ხიდზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. სარაკეტო იერიშის შედეგად, რკინიგზის თანამშრომლები არ დაშავებულან.