რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში გრძელდება. რუსეთმა დარტყმა მიიტანა ხარკოვის ტელეანძაზე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ტელეანძის ზედა ნაწილი ჩამოინგრა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის დარტყმის შედეგად ანძის თანამშრომლები არ დაშავებულან, რადგან თავშესაფარში იმყოფებოდნენ. ხარკოვში შეფერხებულია ციფრული ტელევიზიის სიგნალი. ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა მოხდა ოდესაზე, დაშავებულია 9 ადამიანი. ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა კიევშიც. უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმია განაგრძობს შეტევას სხვადასხვა მიმართულებით. ბოლო დღე-ღამეში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების 14 იერიში მოიგერიეს ლიმანის მიმართულებით. ასევე რუსები შეტევას ცდილობენ ბახმუტის, ავდეევკას და ორეხოვოს მიმართულებითაც. გუშინ ღამით უკრაინის რამდენიმე ოლქში ისევ იყო გამოცხადებული საჰაერო განგაში. რუსეთმა დრონებით შეუტია დნეპროპეტროვსკის და ჩერკასკის ოლქებს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინას უახლოეს თვეებში რთული პერიოდი ელის, თუმცა, მისივე თქმით, არმაგედონი არ მოხდება.