რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება – ღამით რუსეთმა თავდასხმა ექვსი რაკეტითა და 19 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით განახორციელა. დონეცკის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვადიმ ფილაშკინის თქმით, კრამატორსკში ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია მრავალსართულიანი კორპუსი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 66 შეტაკება მოხდა. რუსეთმა ხუთი სარაკეტო და 125 საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე. ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქების 110-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა.