უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთმა ქვეყანაზე მორიგი მასირებული იერიში მიიტანა. მათივე ცნობით, 13 იანვარს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 40 რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, თუმცა უმრავლესობამ სამიზნეს ვერ მიაღწია.
როგორც უკრაინელი სამხედროები იუწყებიან, რუსეთმა გამოიყენა როგორც ბალისტიკური, ისე ფრთოსანი და საავიაციო რაკეტები. ასევე შეტევითი უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთაგან რვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს. ასევე განადგურებულია შვიდი ფრთოსანი და ერთი მართვადი საავიაციო რაკეტა. ამასთან, უკრაინელი სამხედროების განცხადებით, 20-მა რაკეტამ და უპილოტო საფრენმა აპარატმა, რომელთა ჩამოგდებაც ვერ მოხერხდა, ასევე ვერ მიაღწია სამიზნეს, რადგან უკრაინამ რადიოელექტრონული თავდაცვის საშუალებები გამოიყენა. თავდასხმების ფონზე, დღესვე კიევში ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის ახალდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა.