რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ვითარება ისევ დაძაბულია უკრაინაში. ღამით რუსეთი უკრაინას 75 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, მათგან 71 ჩამოგდებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საჰაერო ძალების მეთაური ავრცელებს. რუსეთის მასირებული შეტევის მთავარი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი იყო. კიევის მიმართულებით რეკორდული რაოდენობით, 50 დრონი გაუშვეს. იერიში თითქმის ექვსი საათი გრძელდებოდა. როგორც კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რამდენიმე ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები კიევში მრავალსართულიან სახლებს დაეცა. შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი. მათ შორის არის 11 წლის ბავშვი.

იერიშის შემდეგ უკრაინის დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. უკრაინის აღმოსავლეთით კი რუსეთი ექვსი მიმართულებით ახორციელებდა შეტევას. რუსეთის არმიის სამიზნე ძირითად კუპიანსკი, ლიმანი, ბახმუტი, ავდეევკა და მარინკაა.