უკრაინის საჰაერო ძალებმა ქერჩის სრუტეში არსებულ ხომალდმშენებელ ქარხანაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. გავრცელებული ცნობით, შედეგად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთ ხომალდზე, „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადამზიდი დაზიანდა. ფაქტს ადასტურებს რუსული მხარეც. გასული ღამის განმავლობაში, რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა მიიტანა პოლტავისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე, რის შედეგადაც, პოლტავის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. უკრაინის ძალებში იუწყებიან, რომ ჩამოაგდეს სამი ერთეული ისკანდერის ტიპის რაკეტა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომს უკრაინის ომიდან ფოკუსი გადააქვს, რაც რუსეთის ერთ-ერთი მიზანი იყო. ზელენსკი უარყოფს, რომ საბრძოლო მოქმედებები ჩიხში შევიდა. მისი თქმით, უკრაინა თავისი პოლიტიკით უახლოვდება იმ დროს, როდესაც უკრაინის დროშა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის იქნება.