ომი უკრაინაში გრძელდება – ოკუპანტებმა ოდესა უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბეს. დაშავდა ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე, დაზიანებულია პორტი და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც. მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ აფეთქებების შედეგად გამოწვეული ხანძრის ლიკვიდაციას. სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა სევასტოპოლში არსებულ ქარხანაზეც. თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა.
პარალელურად, რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ყირიმის ხიდზე მოძრაობის დროებით შეჩერების შესახებ, თუმცა, ამის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ახალი ისტორიული ნაბიჯი წელს უნდა გადაიდგას და უკრაინის ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს ამისთვის.