რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

საომარი მოქმედებები გრძელდება უკრაინაში. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინის ძალებმა ყირიმის მიმართულებით ერთდროულად 42 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. სამინისტროს მტკიცებით, ყირიმის თავზე ცხრა დრონი საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, 33 კი რადიოელექტრონული საშუალებებით ჩაახშეს და მიზნამდე მიღწევამდე ჩამოაგდეს. გასული ღამის განმავლობაში, აფეთქებებისა და უპილოტო საფრენი აპარატების განადგურების შესახებ იტყობინებოდნენ ყირიმის ნახევარკუნძულის რამდენიმე რაიონის მცხოვრებლები. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე დრონი სევასტოპოლის რაიონში ჩამოაგდეს. ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ ოდესის ოლქის მიმართულებით გაშვებული ოთხივე რაკეტა და ერთი დრონი გაანადგურეს. როგორც უკრაინის საჰაერო ძალებში აღნიშნავენ, ღამით ოკუპანტებმა საჰაერო და საზღვაო ბაზირების რაკეტები გაუშვეს შავი და აზოვის ზღვების აკვატორიებიდან. კერძოდ, რუსეთმა უკრაინის სამხრეთი ოლქების მიმართულებით Х-59-ის ტიპის ორი საავიაციო და „კალიბრის“ ტიპის ორი ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. გარდა ამისა, რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკისკენ გაუშვეს „შაჰიდის“ ტიპის კამიკაძე დრონი. ხუთივე სამიზნე უკრაინის საჰაერო ძალების მიერ განადგურებულია.