რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ბოლო 24 საათში, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 29 საავიაციო დარტყმა მიიტანა, ხოლო ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 43-ჯერ გახსნა ცეცხლი. დღე-ღამეში რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის 25 შეტაკება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსეთი შეტევით მოქმედებებს ატარებს კუპიანსკის, მარინკისა და ბახმუტის მიმართულებით, თუმცა უშედეგოდ. უკრაინელი ჯარისკაცები კი აგრძელებენ კონტრშეტევას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით. კიევში ამბობენ, რომ გასულ კვირას უკრაინის არმიამ ბახმუტთან სამი კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიის გათავისუფლება შეძლო. ბრიტანეთის დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ უკრაინელთა კონტრშეტევის კვალდაკვალ, რუსეთი ცდილობს შეტევის მთავარ მიმართულებებზე გამოცდილი ძალების მობილიზაცია მოახდინოს. როგორც ლონდონში აცხადებენ, რუსეთი აფართოებს სამხედრო სტრუქტურებს და არაა გამორიცხული, მოსკოვი ახალი მე-18 არმიის ფორმირებას განიხილავდეს.