რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის ქალაქებში სროლისა და აფეთქების ხმა ისევ ისმის – რუსეთი არ წყვეტს სარაკეტო იერიშებს ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონების სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. გრძელდება რუსი მოხალისეების მობილიზებაც. ლენინგრადის ოლქში დაახლოებით 400 ადამიანისგან შემდგარი ბატალიონის ფორმირება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

ასევე, უკრაინული მედიის ინფორმაციით, სატელიტიდან გადაღებული ფოტოების მიხედვით, რუსეთი „ლიპეცკ-2“-ის აეროდრომზე ძალების მობილიზებას ახდენს. აეროდრომზე გაორმაგდა როგორც სამხედროების, ასევე ტექნიკის რაოდენობა. კვლავ მძიმე მდგომარეობაა მარიუპოლში, რომელიც რუსების ალყაშია.

რუსმა სამხედროებმა ტანკიდან გაუხსნეს ცეცხლი საქველმოქმედო ორგანიზაციას, დაღუპულია ორგანიზაციის ორი წევრი, დაშავდა ხუთი ადამიანი. რთული ვითარების ფონზე, უკრაინის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშუკი აცხადებს, რომ დღეს უკრაინაში არცერთი ჰუმანიტარული დერეფანი არ იმუშავებს. ამასთან, უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის მონაცემებით, 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან, ქვეყანაში სულ მცირე 20 ჟურნალისტი მოკლეს.