რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომის 535 დღე – გასული ღამის განმავლობაში, რუსეთი ზაპოროჟიეს ოლქს „შაჰიდის“ ტიპის ხუთი დრონით დაესხა თავს, მათგან სამი უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემამ გაანადგურა. ბრიტანული დაზვერვა იუწყება, რომ რუსეთმა საჰაერო-სადესანტო ძალები ხერსონიდან ზაპოროჟიეს ოლქში გადაისროლა. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო კი, კუპიანსკის რაიონიდან ადგილობრივების ევაკუაცია განხორციელდა. გამოყვანილია 63 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში თავის მხრივ უკრაინული დრონების მოგერიებაზე საუბრობენ, რომლებიც ყირიმში არსებულ ობიექტებზე იყო მიმართული. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ მოძრაობა დროებით შეზღუდულია ყირიმის ხიდზე. ადგილობრივები კიროვის რაიონში აფეთქებების შესახებ იუწყებიან.