რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება – ხელისუფლება ხარკოვის ოლქში რუსეთის იერიშების გააქტიურების ფონზე, სავალდებულო ევაკუაციას იწყებს. საუბარია კუპიანსკის რაიონის 37 დასახლებულ პუნქტზე. ევაკუაციას 11 000-ზე მეტი ადამიანი დაექვემდებარება, მათ შორის 600 ბავშვი.

საოკუპაციო ძალებმა რივნეს ოლქზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს. უპილოტო აპარატებით თავდასხმის შედეგად განადგურდა ნავთობბაზა. დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. უკრაინის არმიის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღამით რუსმა სამხედროებმა უკრაინას კურსკის ოლქიდან ირანული უპილოტო თვითმფრინავებით შეუტიეს. თავდასხმა ხუთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

საჰაერო განგაში ათ რეგიონში მთელი ღამე იყო გამოცხადებული. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეზე რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, ცხრა პირი კი დაშავდა.