რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინაში. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქ პოკროვსკში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი დაშავდა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს თქმით, დაღუპულია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეც, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა. დაშავებულთა შორის, მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად, არიან მაშველები და პოლიციელები, ასევე მცირეწლოვანი ბავშვი.

რუსულმა ჯარებმა საჰაერო ბომბები ჩამოაგდეს ხარკოვის ოლქშიც. დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავდა შვიდი ადამიანი, მათ შორის სასწრაფო დახმარების ორი თანამშრომელი. ქალაქ ხერსონში რუსულმა ძალებმა ჭურვები დასახლებულ პუნქტებს ესროლეს, დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო დაშავდა – 13.

პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა კიდევ ათი ტანკი, ვერტმფრენები და 19 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს.