რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება – აფეთქებების ხმა ისმის ხარკოვში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოკუპანტები რეგიონს „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს.
შედეგად გაჩნდა ხანძარი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმები განხორციელდა სამრეწველო ობიექტებზე. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გასული დღის განმავლობაში 24 თავდასხმა განხორციელდა სუმის რაიონშიც, დაფიქსირდა 136 აფეთქება. ხელისუფლების ცნობით, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა უკრაინელი დეპუტატის, მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ წევრის, იური არისტოვის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის მალდივის ერთ-ერთ კუნძულზე შენიშნეს და აღნიშნა, რომ ომის მიმდინარეობის დროს მსგავსი ქმედება საზოგადოების ინტერესების ღალატია.