რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებებით რვა დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს – ეს ბოლო ორი კვირის შედეგია. მათ შორისაა ზაპოროჟიეს ოლქის დასახლება – პიატიხატკია. გარდა ამისა, ტავრიის მიმართულებით უკრაინულმა დანაყოფებმა შვიდი კილომეტრით წაიწიეს წინ. ქვეყნის სამხრეთით თავდაცვის ძალების აქტიური მუშაობა გრძელდება.

პარალელურად, ოკუპანტები განაგრძობენ უკრაინული დასახლებების დაბომბვას. ზაპოროჟიე, დნეპროპეტროვსკი, დონეცკი, ოდესა და ნიკოლაევი – ეს ის ადგილებია, სადაც გასული ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო ჩართული. აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესის რეგიონში. უკრაინელმა სამხედროებმა ოდესის მიმართულებით გაშვებული კალიბრის ტიპის ოთხივე ფრთოსანი რაკეტის განადგურება შეძლეს. ასევე განადგურებულია რუსეთის ძალების მიერ ღამით გაშვებული შაჰიდის ტიპის კამიკაძე დრონი.