რუსეთის აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალამ უკრაინის ქალაქი ტერნოპოლი ევროვიზიის საფინალო ტურზე, უკრაინის წარმომადგენელთა გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე დაბომბა. ტერნოპოლი ჯგუფ „ტვორჩის“ მშობლიური ქალაქია. მოგვიანებით, ქალაქზე ფრთოსანი რაკეტით კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში. სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. მძიმე არტილერიიდან გახსნილი ცეცხლის, საავიაციო და უპილოტო დრონებით განხორციელებული თავდასხმებისას კი ხერსონში 6 ადამიანია დაშავებული. გასული ღამის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა ასევე დაბომბეს ხარკოვი, სადაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქვეყნის მიმართულებით, საერთო ჯამში 3 ფრთოსანი რაკეტა და 25 დრონი გაანადგურეს. რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკას დაბომბვის შედეგად, 2 ადამიანია დაღუპული, მათგან ერთი 15 წლის გოგონაა.