რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება – ოკუპანტებმა 23 სარაკეტო და 43 საჰაერო შეტევა განახორციელეს ქვეყნის მასშტაბით. რუსული მხარე შეტევებისთვის სხვადასხვა ტიპის რაკეტებს იყენებს. უმეტესობა უკრაინელმა მებრძოლებმა გაანადგურეს, თუმცა რამდენიმე დარტყმა განხორციელდა კუპიანსკის, სლოვიანსკის, კრამატორსკისა და კოსტიანტინევკას ქალაქებზე. არიან დაშავებულები. გვიან ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა ხერსონშიც.

პარალელურად, რუსული მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ კურსკის ოლქთან ახლოს სამხედროებმა უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გარდა ამისა, პენტაგონმა დაადასტურა, რომ უკრაინელებმა „პატრიოტის“ გამოყენებით რუსული „კინჟალიც“ ჩამოაგდეს.

ბახმუტთან საარტილერიო იერიშის დროს სააგენტო „ფრანს პრესის“ ჟურნალისტი არმან სოლდენი დაიღუპა. საარტილერიო ჭურვი ჟურნალისტის სიახლოვეს აფეთქდა. გადამღები ჯგუფის სხვა წევრები არ დაშავებულან.

პენტაგონის სპიკერის თქმით, აშშ პარტნიორებთან ერთად საბრძოლო მასალით უკრაინის უზრუნველყოფას განაგრძობს. ყოველდღიურ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის თავდაცვის ახალი პაკეტის ფარგლებში მილიარდ ორასი მილიონის გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა.