რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

გასულ ღამეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. საჰაერო განგაში თავდაპირველად ხარკოვის, ზაპოროჟიესა და პოლტავის ოლქებში გამოცხადდა. აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქში. როგორც კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში აცხადებენ, დედაქალაქის თავზე მტრის ყველა რაკეტა ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის განცხადებით, 9 მაისის ღამით, რუსეთის მიერ გაშვებული 25 ფრთოსანი რაკეტიდან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 23 გაანადგურეს. გენშტაბში აღნიშნავენ, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საავიაციო დარტყმების ალბათობა მაღალი რჩება, ამიტომ მოსახლეობას ურჩევენ, არ უგულებელყონ საჰაერო განგაშის სიგნალები. ამასთან, გენშტაბის ცნობით, უკრაინის ძალებმა დონეცკის ოლქის ფრონტის ხაზის ოთხი მიმართულებით მტრის 42 შეტევა მოიგერიეს. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტისა და მარიინკისთვის. გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს მტრის ძალის კონცენტრაციის 19 რაიონზე, საბრძოლო მასალების ორ საწყობსა და მოწინააღმდეგის სამ მნიშვნელოვან სამიზნეზე.