რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთმა ოდესა დაბომბა. გამოყენებული იყო უპილოტო საფრენი აპარატები. როგორც ოდესის ადგილობრივი ადმინისტრაცია აცხადებს, დაშავებულები არ არიან. დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დრონების უმეტესობა სამხედროებმა ჩამოაგდეს.

რაც შეეხება ვითარებას ფრონტის ხაზზე, ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა 60 იერიშის მოგერიება მოახერხეს. ყველაზე რთული ვითარება კვლავ ქალაქ ბახმუტთან და მარინკასთანაა. გავრცელებული ცნობით, ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი. ის ავდეევკაში ჩავიდა, ასევე იმყოფებოდა პოლტავაში, სადაც დაჭრილი უკრაინელი სამხედროები მოინახულა.