რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში, ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ჯანკოიში გვიან საღამოს აფეთქებების ხმა ისმოდა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ განადგურებულია „კალიბრის“ ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტები მათი რკინიგზით ტრანსპორტირების დროს. სეპარატისტული რეჟიმის ცნობით, ჯანკოეზე დარტყმები უპილოტო საფრენი აპარატებიდან განხორციელდა, არის ერთი დაშავებული. უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი კი ისევ დონეცკის ოლქია. გენშტაბის ცნობთ, რუსეთის არმია განაგრძობს ბახმუტის დაკავებისთვის ბრძოლებს, თუმცა, ბახმუტის შენარჩუნებისთვის უკრაინული ძალების შესაძლებლობები ჯერ არ არის ამოწურული. პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ ფართოვდება პარტნიორების წრე, რომლებიც მზად არიან ერთად იმუშაონ, რომ რუსეთი აგრესიისთვის დაისაჯოს. მისი თქმით, ირლანდია და ავსტრია შეუერთდნენ ჯგუფს, რომელიც რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე მუშაობს.