რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

„უკრაინა ცის დაცვას სრულად მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც პარტნიორებთან ურთიერთობებში საავიაციო ტაბუ გაუქმდება“, – ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. მისი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინაზე ირანული დრონებით შეტევა განხორციელდა. იმის მიუხედავად, რომ უკრაინის ძალებმა დრონების უმეტესობა ჩამოაგდეს, დარტყმებს მსხვერპლი მაინც მოჰყვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება თანამედროვე ავიაცია, რომ საჰაერო თავდაცვა სრულფასოვანი გახდეს.

რუსი ოკუპანტები აძლიერებენ შეტევითი მოქმედებების ინტენსივობას. ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამჟამად ბახმუტის მიმართულებაზეა შექმნილი, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა. მისივე თქმით, მტერი მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის და ყოველდღიურად 600-დან 1000-მდე ადამიანს კარგავს. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთი ძალების რაიოდნეობას ერთდროულად ხუთი მიმართულებით ზრდის – ბახმუტის, ლიმანის, ავდეევკას, შახტერსკის და კუპიანსკის მიმართულებით. თუმცა, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებებზე, რუსეთის არმიამ შეტევის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა განახორციელა. ზაპოროჟიეში კი რუსეთის ძალებმა 17 დასახლების მიმართულებით გახსნეს ცეცხლი, ხერსონის ოლქში კი 20 დასახლებაზე მიიტანეს იერიში.