რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ზაპოროჟიეს ატომურ სადგურთან აფეთქებების ხმა ისმოდა, – ამ ინფორმაციას საერთაშორისო ატომური სააგენტო ავრცელებს. ექსპერტების ინფორმაციით, სამხედრო მოქმედებები ობიექტთან ახლოს მიმდინარეობს. სააგენტოს ხელმძღვანელი გამოდის მოწოდებით, რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას სადგურის ირგვლივ უსაფრთხოების ზონა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 70 რაკეტა გაუშვა, უკრაინულმა ძალებმა მათგან 47-ის ჩამოგდება მოახერხეს. ოკუპანტების მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი. ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული მასირებული თავდასხმა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ უკრაინას ადეკვატური იარაღი სჭირდება. ზელენსკის თქმით, უკრაინის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემამ რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო, თუმცა არა ყველა. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, არიან დაჭრილებიც.