რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ სოლედართან რუსული მოიერიშე თვითმფრინავი, „სუ -25“ ჩამოაგდეს. გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა დარტყმა მიიტანეს რუსი სამხედროებისა და ტექნიკის შეკრების ათ ადგილზე. კიევში ამბობენ, რომ რუსეთი კვლავაც ცდილობს დონეცკის ქალაქების დაკავებას. ძირითადი შეტევა გრძელდება ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით.

გასულ დღე-ღამეში რუსეთმა ექვსი სარაკეტო და 14 საავიაციო დარტყმა მიიტანა უკრაინაზე. ასევე 95-ჯერ გახსნა საარტილერიო ცეცხლი. მათ შორის რუსეთის არმია აგრძელებს ხერსონისა და სუმის ოლქების დაბომბვას. კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში კი ვერტმფრენი საბავშვო ბაღს დაეცა. დაღუპულია ხუთი პირი. ჩამოვარდნის შედეგად, ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის, კატასტროფის მიზეზი უცნობია.

უკრაინის პრეზიდენტმა თავის ტრადიციულ გამოსვლაში ისაუბრა რუსეთის მიერ ქალაქ დნიპროს დაბომბვაზე. მისი თქმით, სარაკეტო დარტყმას, რა დროსაც კორპუსი ჩამოინგრა, ბოლო მონაცემებით, 45 ადამიანი და მათ შორის ექვსი ბავშვი ემსხვერპლა. მან რუსეთს კაცობრიობის მტერი უწოდა.