რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით რიგით მეცხრე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა კვლავ განახორციელეს. გავრცელებული ცნობით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონისკენ 70-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს, მათი დიდი ნაწილი, 60 რაკეტა, საჰაერო-თავდაცვითმა სისტემებმა გაანეიტრალეს, თუმცა ნაწილმა სამიზნეს მიაღწია. შედეგად, ჟიტომირის, კიევის, ხარკოვის, დნეტროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.

ოთხი ადამიანი დაიღუპა კრივოი როგში. მათ შორის წლინახევრის ბავშვი, რომლის ცხედარი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან სულ ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. დაღუპული არიან ბავშვის მშობლებიც. სარაკეტო თავდასხმების შედეგად ქალაქში 13 ადამიანი დაშავდა. სარაკეტო იერიშების შედეგად, ქვეყნის ნახევარს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.