რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 165-ე დღე

ომის დაწყებიდან 165-ე დღეა უკრაინაში – ისევ ინტენსიურად იბომბება დონეცკის ოლქი, სადაც გასულ დღეს რუსეთის დარტყმებს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა რვა პირი. კიევის ცნობით, რუსები დონეცკის ოლქში უკრაინის მიერ კონტროლირებადი ქალაქების დაკავებისთვის ემზადებიან. გამთენიისას რუსეთის ძალებმა ორჯერ დაბომბეს ქალაქი ხარკოვი. სარაკეტო დარტყმები ქალაქის სხვადასხვა რაიონში განხორციელდა. 200-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ გასულ დღეს რუსების რამდენიმე შეტევა მოიგერიეს სლავიანსკის, ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებებზე.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსები ხერსონის ოლქის დატოვებისთვის ემზადებიან, რასაც მათ მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დანაღმვა მეტყველებს. დაზვერვის ინფორმაციით, მსგავსი ხერხით რუსეთი უკრაინის კონტრშეტევის შეჩერებას ცდილობს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინული ჯარის მიერ უკვე 1 060 დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული და უკრაინელებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს რუსეთის არმიის ლოჯისტიკისა და ზურგში მდებარე ბაზების განადგურების მიმართულებით.