რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის იარაღის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის კონცენტრაციის 11 უბანი დაბომბეს – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის არმიის გენშტაბი ავრცელებს. უკრაინის თავდაცვის ძალების სამხედრო ავიაციამ ბოლო ერთ დღეში მოწინააღმდეგის პოზიციებზე ექვსი შეტევა განახორციელა. საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა 12 ერთეული „შაჰედ-136“-ის ტიპის უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, ენერგოდართან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ჰაუბიცები, საბრძოლო მასალა და რუსების პირადი შემადგენლობის ნაწილი. უკრაინელმა ჯარისკაცებმა შვიდ დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს თავდასხმა. ბოლო ერთ დღეში რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ორი სარაკეტო და 25 საჰაერო დარტყმა, ასევე ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან 30-მდე შეტევა განახორციელეს.