რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში აღმოაჩინეს დაბომბილი ავტოკოლონა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია 20 ადამიანი, მათ შორის ათი ბავშვია. უკრაინის ხელისუფლებაში ზუსტ თარიღს არ ასახელებენ, თუ როდის დაბომბეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ავტოკოლონა. გავრცელებული ცნობით, თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე რუსების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა განახორციელა, რომლებმაც ექვს მსუბუქ და ერთ სატვირთო მანქანას გაუხსნეს ცეცხლი.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის არმიის მედესანტეების დანაყოფი დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის შესასვლელთან იმყოფება. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ადასტურებენ, რომ ქალაქი სრულ ალყაშია მოქცეული, სადაც 5 000 რუსი ჯარისკაცია ჩარჩენილი. გავრცელებული ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხელმძღვანელობას ქალაქიდან გასვლის თხოვნით მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს. უკრაინის არმიის დანაყოფებმა ლიმანთან კიდევ ხუთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.