რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მძიმე არტილერიით და „გრადის“ სარაკეტო სისტემით დნეპროპეტროვსკის რეგიონი დაბომბეს. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის სამიზნე ნიკოპოლის რაიონი გახდა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, წყალსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს დილით უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ხერსონის რაიონში რუსეთის არმიის „სუ 25“-ის ტიპის ბომბდამშენი ჩამოაგდეს. უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს ზაპოროჟიეზე, სადაც რვა რაკეტა გაუშვეს. დაბომბვის შედეგად რამდენიმე რაიონში ელექტროენერგია გაითიშა. ორჯერ დაიბომბა სუმის ოლქიც, არის მსხვერპლი. პარალელურად, სამხრეთის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ და არტილერიამ რუსული საარმიო ნაწილების საბრძოლო მასალის საცავები, საჰაერო თავდაცვის ძალების ორი სამეთაურო პუნქტი და პოზიციები, ასევე ხერსონის მახლობლად ელექტრონული ომის სადგური და ნოვაია კახოვკაში გადასასვლელი დაბომბეს.