რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომი უკრაინაში – უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსებმა ათი სარაკეტო და 22 საავიაციო დარტყმა განახორციელეს. ხუთჯერ დაიბომბა ქალაქი ხარკოვი, რის შედეგადაც ცეცხლი გაჩნდა ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებზე. ნაღმმტყორცნების გამოყენებით, რამდენჯერმე დაიბომბა სუმის ოლქი. ინტენსიურად იბომბება დონეცკის ოლქი, სადაც გასულ ღამეს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

პარალელურად, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინამ გასულ დღეს რვა სარაკეტო და ათი საავიაციო დარტყმა განახორციელა რუსეთის პოზიციებზე. აფეთქებების ხმა ისმოდა ოკუპირებულ ბერდიანსკსა და მელიტოპოლში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მმართველი პარტიის შტაბბინა ააფეთქეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, სამხრეთის მიმართულებით 100 რუსი მებრძოლი და საბრძოლო მასალების ორი საწყობი გაანადგურეს. პარალელურად, უკრაინელები წარმატებულ კონტრშეტევებს ახორციელებენ ხარკოვისა და ხერსონის მიმართულებით. დასავლეთის ცნობით, რუსეთი ამჟამად დილემის წინაშე დგას, მოახდინოს რეზერვების მობილიზაცია უკრაინის აღმოსავლეთის მიმართულებაზე შეტევისთვის, თუ თავი დაიცვას ქვეყნის სამხრეთით უკრაინის კონტრშეტევისგან.