რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება – გამთენიისას აფეთქება მოხდა ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ჯანკოესთან. დაშავებულია ორი პირი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აფეთქება დივერსიის შედეგად მოხდა. მიმდებარე ტერიტორიებიდან ხუთი კილომეტრის რადიუსში 2 ათასამდე პირია ევაკუირებული. მომხდარს გამოეხმაურნენ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში და განაცხადეს, რომ დემილიტარიზაცია გრძელდება.

პარალელურად, რუსეთის ძალები არ წყვეტენ უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებზე საჰაერო იერიშებს. განსაკუთრებით ინტენსიურად იბომბება დონეცკის ოლქი, სადაც რუსებმა 13 დასახლებული პუნქტი დაბომბეს. დაღუპულია ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ორი კი დაშავდა. გასული ღამის განმავლობაში არტილერიის გამოყენებით დაიბომბა ხარკოვის ოლქის ხუთი რაიონი. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. კვლავ დაიბომბა დნიპროს ოლქი.

ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ. უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ მტერი დონეცკის ოლქში სლავიანსკისა და ბახმუტის მიმართულებებით ცდილობს წინსვლას, თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს ოკუპანტების შეტევების მოგერიება.