რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 110-ე დღე

ომის 110-ე დღე უკრაინაში – ქვეყანა ოკუპანტების დასამარცხებლად დამატებით შეიარაღებას ითხოვს. ამის შესახებ მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მათ შორის საუბარია 300 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემაზე, 500 ტანკზე, 2000 ჯავშანტექნიკაზე და 1 000 დრონზე.

პარალელურად, საომარი მოქმედებები გრძელდება. არტილერიაში რუსეთის ჯარის მნიშვნელოვანი უპირატესობის გამო, უკრაინელმა სამხედროებმა სევეროდონეცკში უკან დაიხიეს. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იუწყება. ქალაქის ქუჩებში გრძელდება ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები ცდილობენ, ალყაში მოაქციონ უკრაინის შეიარაღებული ძალები და ცვლიან აღჭურვილობას.

გასულ ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს ქალაქ ბახმუტზე. დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი განუწყვეტლივ იბომბება, რამდენიმე ადგილას ხანძარია. დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სლავიანსკისა და ბახმუტის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. ლისიჩანსკში რუსეთის იერიშების შედეგად, ექვსი წლის ბავშვი დაიღუპა, ორი ხიდი დაანგრიეს ოკუპანტებმა სევეროდონეცკში. ამასთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ყუმბარმტყორცნებით შეტევა განახორციელეს სუმის ოლქზეც.

მოამბე

დატოვე კომენტარი