რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში დასახლებული პუნქტები დაბომბეს – ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ავრცელებს. იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. დაზიანებულია სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის საავადმყოფო, კულტურის სახლი და რკინიგზის სადგური. გუბერნატორი მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

აფეთქებების ხმა ისმოდა და ძლიერი ხანძრის კვალი ჩანდა ხერსონისა და ჩერნობაევკას ტერიტორიებზე. ადგილობრივების ცნობით, ოკუპანტები საბრძოლო მასალების დეტონაციას ახდენენ. რუსულმა არმიამ დაბომბა კრივოი როგის საცხოვრებელი ტერიტორიაც, დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა. დაზიანდა სკოლა და რამდენიმე სახლი. ოკუპანტებმა ხუთი რაკეტა ისროლეს სუმის რეგიონის მიმართულებითაც. სავარაუდო მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ახალი შეტევითი ოპერაციის განხორციელების მიზნით, რუსეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით, სარეზერვო ძალებს აგროვებს და უკრაინის მახლობლად ათავსებს. პარალელურად, უკრაინის ვიცე-პრემიერი, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას მოუწოდებს, ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენონ და ტერიტორია დატოვონ.