რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება – ავიაიერიშებს სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. სარაკეტო დარტყმა ხარკოვის გარეუბანზე განხორციელდა. ერთ-ერთი ჭურვი სკოლა-ინტერნატთან ჩამოვარდა. იერიშების გამო, განგაშის ხმა ისმოდა უკრაინის სხვა ოლქებშიც, მათ შორის მიკოლაევსა და ხერსონში.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთის ძალებმა უახლოეს დღეებში შესაძლოა შეტევა ზაპოროჟიეს მიმართულებით დაიწყონ. ოკუპანტები იერიშს განაგრძობენ დონეცკის ოლქში, ასევე სლავიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებებით. პარალელურად, გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელმა ძალებმა დასახლება ბოროდიჩნოეს დაკავების მიზნით შტურმის მორიგი მცდელობა მოიგერიეს.