რუსეთის დეფოლტი

რუსეთმა, 1918 წლის შემდეგ პირველად, უცხოურ ვალუტაში საგარეო ვალზე დეფოლტი გამოაცხადა. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის მიერ დეფოლტის გამოცხადება იყო დასავლური სანქციების კულმინაცია, რამაც გადაკეტა უცხოური კრედიტორების გადახდის გზები.

26 ივნისს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ოდენობის პროცენტის გადახდის საშეღავათო პერიოდი ამოიწურა. ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები კვლავ გაყინულია და უმსხვილესი ბანკები მოწყვეტილია გლობალურ ფინანსურ სისტემას. გასულ კვირაში, რუსეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსულ ევრობონდებზე გადახდების შეწყვეტა უცხოურ ვალუტაში და რუბლის სქემაზე გადასვლა არ ნიშნავს დეფოლტს, ეს გამოწვეულია ფორსმაჟორით, ხოლო რუსეთი უარს არ ამბობს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და ახორციელებს ყველა ქმედებას ინვესტორებისთვის თანხების სრულად მიტანისთვის.