რუსეთის ბალისტიკური იერიში კიევზე
რუსეთმა უკრაინა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. დაღუპულია ორი ადამიანი, ოთხი კი დაშავდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი სახლები. კერძოდ, ბუჩისა და ვიშგოროდის რაიონებში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კიევში თავდასხმის სამიზნე ელექტროენერგიის გამანაწილებელი ინფრასტრუქტურა გახდა, რის გამოც უკრაინის დედაქალაქში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემებია. კიევის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რეგიონზე თავდასხმა კვლავ გრძელდება. ამასთან, მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინის მიმართულებით გაშვებული რუსული დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. პარალელურად, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის გამო პოლონეთმა ავიაცია აამოქმედა, ცოტა ხნით დახურული იყო ჟეშუვისა და ლუბლინის აეროპორტები. ამჟამად ორივე აეროპორტში ფრენები აღდგენილია.