რუსეთი საბერძნეთის წინააღმდეგ

საქართველოს მიმართ რუსეთის მუქარებისა და კონკრეტული შეზღუდვის დაწესების პარალელურად, მოსკოვიდან საბერძნეთსაც აფრთხილებენ. ოფიციალურ მოსკოვში აცხადებენ, რომ რუსი დიპლომატების გაძევებას შედეგი მოჰყვება. რუსეთსა და საბერძნეთს შორის ბოლო ორი კვირაა, ურთიერთობები უკიდურესად დაძაბულია.

სერგეი ლავროვმა საბერძნეთში სექტემბერში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. მოსკოვში საგარეო უწყებაში დღეს საბერძნეთის ელჩი დაიბარეს და პროტესტი გამოუცხადეს. საბერძნეთმა რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოსკოვის კვალი ათენსა და სკოპიეს შორის მიღწეული შეთანხმების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებაში აღმოაჩინა.

საუბარია იმ შეთანხმებაზე, რომელმაც მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანებას მწვანე შუქი აუნთო.