რუსეთმა პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

ევროკავშირში რუსეთის მიერ პოლონეთსა და ბულგარეთში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, შანტაჟი უწოდეს. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, მოსკოვის ქმედება უსამართლო და მიუღებელია. ამასთან, ბრიუსელში ამტკიცებენ, რომ მათ აქვთ გეგმა, რომ ბუნებრივი აირის ალტერნატიული მიწოდება განხორციელდეს. ამ საკითხზე ევროკომისიაში საკოორდინაციო შეხვედრა იმართება.

როგორც „გაზპრომში“ აცხადებენ, ბულგარეთსა და პოლონეთში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი ისაა, რომ ეს ქვეყნები საფასურის რუბლებში გადახდას არ თანხმდებიან.

საპასუხოდ ვარშავაში განაცხადეს, რომ საერთოდ აღარ აპირებენ რუსული გაზის შეძენას, ხოლო სოფიამ „გაზპრომი“ კონტრაქტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. რუსეთის მთავრობამ გაზის საფასურის რუბლებში გადახდა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ევროკავშირმა კრემლის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის გამო, რუსეთს სანქციები დაუწესა. დღეს გავრცელდა ცნობა, რომ ავსტრია ამ პირობას დათანხმდა, თუმცა, მოგვიანებით ავსტრიის კანცლერმა განაცხადა, რომ ეს დეზინფორმაცია იყო. რუსული გაზის რუბლებში შეძენაზე თანხმობა უნგრეთმა და სერბეთმა განაცხადეს.