რუსეთი ომის „მეორე ფაზის“ მიზანს ასახელებს

რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, რუსტამ მინეკაევი უკრაინაში „სპეცოპერაციის მეორე ფაზის“ მიზნად, დონბასის გარდა, სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებასა და ყირიმთან დერეფნის უზრუნველყოფასაც ასახელებს. „უკრაინის სამხრეთზე კონტროლი ეს კიდევ ერთი გასასვლელია დნესტრისპირეთზე, სადაც ასევე შეინიშნება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროების ფაქტები“ – აცხადებს მინეკაევი. აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთის ხელისუფლება „ოპერაციის“ მიზნად დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის მოპოვებას ასახელებდა და მასში არ იყო „სამხრეთ უკრაინა“ ნახსენები.

გასული ღამის შედეგები კი ასეთია – 10 მოგერიებული შეტევა და 15 განადგურებული რუსული თვითმფრინავი. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ქვეყნის აღმოსავლეთით,- ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ტერიტორიაზე მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ რუსმა სამხედროებმა ერთ დღეში 42 დასახლებული პუნქტის დაკავება შეძლეს, თუმცა უკრაინელები საპასუხო შეტევებს განაგრძობენ და ეს ტერიტორიები ხელიდან ხელში გადადის. რთული სიტუაციაა ხარკოვსა და ზაპოროჟიეშიც. ხარკოვის ოლქში ოკუპანტებმა ცეცხლი 50-ჯერ გახსნეს, რის გამოც, ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს სოფლების ნაწილი დატოვონ. ბრძოლა გრძელდება მარიუპოლში, კერძოდ, „აზოვსტალის“ ქარხანასთან, სადაც „აზოვის“ მებრძოლები და საზღვაო ქვეითები რჩებიან. ისინი ამბობენ, რომ იარაღს არ დაყრიან. რუსეთი ქარხნის ბლოკირებას განაგრძობს. ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის განცხადებით, რუსეთის არმია ცდილობდა, შტურმით აეღო „აზოვსტალის“ ქარხანა, სადაც ისინი არიან გამაგრებული. მოსახლეობის ევაკუაცია რთულად მიმდინარეობს. გუშინ ქალაქი მხოლოდ 80-მა ადამიანმა დატოვა. როგორც ცოტა ხნის წინ, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, დღეს უკრაინაში უსაფრთხო საევაკუაციო დერეფნები ვერ გაიხსნება, რადგან სიტუაცია საბრძოლო მოქმედებების ზონაში ამის საშუალებას არ იძლევა. ვრცელდება ცნობა, რომ დროებით ოკუპირებულ ხერსონში რუსი სამხედროები ყალბი რეფერენდუმის ჩატარებისთვის ემზადებიან. პრეზიდენტი ზელენსკი აფრთხილებს მოქალაქეებს რუს სამხედროებს პასპორტები და სხვა პირადი მონაცემები არ გადასცენ.