რუსეთ-უკრაინის ომი

უკრაინის თავდასხმის შედეგად რუსეთმა რამდენიმე მილიარდის ზარალი მიიღო. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთის აეროდრომებზე განხორციელებული იერიშების შედეგად განადგურებული სტრატეგიული ავიაციის ღირებულება შვიდი მილიარდი დოლარია. „სპეცოპერაცია „ქსელის“ შედეგად დაზიანდა რუსეთის ძირითად სამხედრო აეროდრომებზე განლაგებული საკრეისერო რაკეტების მატარებელი სტრატეგიული თვითმფრინავების 34 პროცენტი“, – აღნიშნავენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

გავრცელებული ინფორმაციით, განადგურდა 41 თვითმფრინავი. სპეცოპერაცია „ქსელი“ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. პარალელურად, რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეს ოლქში ოთხი ადამიანი დაიღუპა. იერიშების შედეგად ოლქში მდებარე რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო, კიევში საჰაერო განგაში საღამოს მეორედ გამოცხადდა. საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ სამიზნეები კურსკის ოლქიდან სუმისა და პოლტავის ოლქების მიმართულებით დააფიქსირეს.